| GEO | ENG | DE | ||||||
|
| ||||||
| ბიოგრაფია
შავლეგ შილაკაძე (დაბად. თბილისში, 21.02.1940), ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, კამერული ორკესტრის ~თბილისის კონცერტინო~ სამხატვრო ხელმძღვანელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ალტის (პროფ. ა. ბეგალიშვილი, პროფ. ლ. იაშვილი) და კომპოზიციის (პროფ. ო. თაქთაქიშვილი) კლასი. 1968-71 წწ. იქვე სწავლობდა საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის სპეციალობაზე (პროფ. ო. დიმიტრიადი) და 1974 წ. დაამთავრა ლენინგრადის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ნ. ს. რაბინოვიჩი, პროფ. ა.ს. დმიტრიევი). 1959-1969 წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებში. მისი საკომპოზიტორო დებიუტი შედგა 1958 წ., ხოლო სადირიჟორო - 1966 წ. 1969 წლიდან მუშაობდა თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (კამერული ანსამბლი, ორკესტრი), 1973-1974 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ფილარმონიის კამერულ ორკესტრს, 1976-1977 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კამერული მუსიკის განყოფილების ხელმძღვანელად. 1976 დააარსა კამერული ანსამბლი ~თბილისის კამერატა~, რომელსაც 1985 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ ანსამბლთან მან ჩაატარა 300-მდე კონცერტი საქართველოში და სსრკ უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრების საუკეთესო დარბაზებში - მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, მინსკში, ვილნიუსში, ტალინში, ოდესაში, ბაქოში, ერევანში და სხვ. 1988 წელს მან დააარსა კამერული ორკესტრი ~თბილისის კონცერტინო~, რომელთან ერთადაც ჩაატარა 300-ზე მეტი კონცერტი საქართველოში და საზღვარგარეთ - გერმანიაში (1990, 1991, 1993, 1995, 1996, 1997), ესპანეთში (1993 წლის მარტში და ოქტომბერ-ნოემბერში), შვეიცარიაში (1996, 1997) და დიდ ბრიტანეთში (ლონდონსა და ედინბურგში, 1998 წ.) 1999-2002 წწ. იგი მიწვეული იყო კაიროს ხელოვნებათა აკადემიის სიმფონიური ორკესტრის რეზიდენტ-დირიჟორად. ამ ორკესტრმა შ. შილაკაძის ხელმძღვანელობით კონცერტები გამართა კაიროსა და ალექსანდრიაში, 5 კონცერტი ჩაატარა ესპანეთში, მურსიის ახალგაზრდული ორკესტრების საერთაშორისო ფესტივალზე, თანამშრომლობდა კაიროში მოქმედ კამერულ ორკესტრთან ~ამადეუს~. შ. შილაკაძე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრია 1973 წლიდან.
| ||||||